Live Cameras
კავკასიის თვალწარმტაცი მთების კალთაზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარე დიდველი ალპური სამთო-სათხილამურო ადგილი და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ბაკურიანში (ბორჯომის რაიონი) მყოფი სპორტული დასვენებისა და გართობის მსურველი სტუმრებისთვის. გრძელი ზამთრის (4-5 თვე) გამო ის ნამდვილი სამოთხეა თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალის მოყვარულებისთვის. დიდველი, ასევე, იდეალური ადგილია ბავშვებისთვის სრიალის შესასწავლად. ბაკურიანში ყველაფერია - საბაგიროები, ტრამპლინები, სათხილამურო ტრასები, სათხილამურო რბოლა. აქ, მთლიანობაში, 14 კმ სათხილამურო ტრასა, 3 საბაგირო და ერთი ფუნიკულიორია. ბაკურიანში 6 სხვადასხვა სირთულის გზაა ყველა ტიპის მოთხილამურეთათვის, დამწყებიდან ვეტერანამდე. ფერდობების 22%-ს გააჩნია ხელოვნური თოვლით უზრუნველყოფა, რაც კურორტის სასრიალო ტრასების საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობას განაპირობებს. დიდველი დაუვიწყარი ადგილია - არაფერი სჯობს ფუნიკულიორით მთის წვერზე ასვლას, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას და თვალწინ გადაშლილ გრძელ, ულამაზეს ტრასას.



ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ოთხივე სეზონზე მოქმედი კურორტია საქართველოში. აქ დამსვენებლები წელიწადის ნებისმიერ დროს ჩამოდიან, რათა ბორჯომის ხეობის ულამაზესი ხედებით დატკბნენ, იხეტიალონ წიწვოვან ტყეებში, ზაფხულის სიცხეში ნიავით გაგრილდნენ, თხილამურებით ისრიალონ, იჯირითონ და ლაშქრობებსა და ველოტურებში იარონ, დაუვიწყარი დრო გაატარონ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. კურორტი იდეალური ადგილია არა მხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ის ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარული დამსვენებლებისთვის.

1935 წელი ბაკურიანის, როგორც სათხილამურო კურორტის, დაბადების წლად ითვლება. 6 იანვარს ამ მიდამოებში პირველი სათხილამურო სკოლა გაიხსნა. 1950 წელს 45- და 75-მეტრიანი ტრამპლინები აიგო, რამაც უამრავი მოთხილამურე მოიზიდა. დღეს ბაკურიანი ზამთარ-ზაფხულ მოქმედი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა. მათ შორისაა ახალი სასტუმროები, სათხილამურო საბაგიროები, ფუნიკულიორი, კინოთეატრი, საბავშვო პარკი და უამრავი ატრაქციონი. ბაკურიანში ყველასთვის მოიპოვება გასართობი.