ბორჯომი

ბალნეოლოგიური კურორტი ბორჯომი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 810-850 მ. სიმაღლეზე. იგი დაბალმთიან კურორტთა ჯგუფს მიეკუთვნება. ხეობას თითქმის ყველა მხრიდან ესაზღვრება წიწვოვანი და შერეულ-ფოთლოვანი ტყეებით დაფარული მთები. ბორჯომი ცნობილია მისი სამკურნალო მინერალური წყლებით, რომელიც გამოიყენება როგორც სასმელი წყალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, სანაღვლე გზების დაავადებისა და თირკმლის დაავადების მკურნალობისას. 
                                                       

რომანოვების სასახლე

რომანოვების სასახლე, რომელიც ლიკანში მდებარეობს მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე 1892-1895 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააშენა. რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა პერიოდში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ პერიოდულად ისვენებდა იოსებ სტალინიც. სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორის არის ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ბოძებული სავარძელი, რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის მიერ კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა. 



ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი  საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და  მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს ქმნის. მისი საერთო ფართობი  107,083 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1%-ზე მეტია. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ექვს რაიონს მოიცავს. ესენია: ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს, ქცია-ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მართავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა ტურისტული მარშრუტების ქსელი 400 მ-დან 2,642 მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს.



ტიმოთესუბანი

გუჯარეთის ხეობის უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ტიმოთესუბნის ღვთიშობლის მიძინების სახელობის ულამაზესი ქართული მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ტაძარი, ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი. ტაძარი აგებულია 12-13-ე  საუკუნეთა მიჯნაზე. მისი მშენებლობა დაკავშირებულია წმიდა შალვა ახალციხელ-თორელის სახელთან. კედლის მხატვრობა ტაძრის თანადროულია - 1205 - 1215 წწ. ამჟამად ტიმოთესუბანში მოქმედებს მამათა მონასტერი, რომელიც ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში შედის.



მწვანე მონასტერი

მწვანე მონასტერი, იგივე ჩითახევის წმ. გიორგის ტაძარი, აგებულია წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა - ქრისტეფორესა და თევდორეს მიერ, სავარაუდოდ IX საუკუნეში. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე აგებულ მამათა სამონასტრო კომპლექსში შედის ქვით ნაშენი ერთნავიანი ეკლესია და XV-XVI საუკუნის სამრეკლო. ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია აქ მოღვაწე სასულიერო პირთა სახელებიც. ტაძარი იმეორებს IX საუკუნის დროინდელ სამშენებლო სტილს. მწვანე მონასტრის მთელს შემოგარენში, თავის დროზე განთავსებული ყოფილა საბერო კელიები. ამჟამად შემორჩენილია მათი ნაშთები.