Live Cameras
ქართული სამზარეულო წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას, ხოლო ქართული სუფრა - ხალხის საერთო კულტურის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამზარეულო თავისთავად უნიკალურია, მასში შერწყმულია ამიერკავკასიის, აზიის, ევროპისა და შავი ზღვის ხალხის საუკეთესო კულინარიული ტრადიციები.

ხინკალი

ხინკალის დამზადება სათავეს იღებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. მისი გამოგონება, როგორც მოხევეებს, ასევე ფშავლებს, მთიულებსა და ხევსურებს უკავშირდება. უძველესი წესით ხინკალი მზადდება მსხვილად დაკეპილი ხორცით. მთიან რაიონებში ამგვარი მეთოდით ხინკალს, დღემდე ამზადებენ. ხინკლის სხვადასხვა ვარიაციები გავრცელებულია მთელს კავკასიაში.



აჭარული ხაჭაპური 
 
აჭარული ხაჭაპური ორიგინალური ფორმითა და განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს, როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირა მცხოვრებ ლაზებს ცომისათვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს.



აჩმა

აჩმა ხაჭაპურის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. მისი მომზადების ტექნოლოგია საკმაოდ განსხვავებულია კლასიკური ხაჭაპურებისაგან: იგი თხელი ფენებისაგან შედგება, რომელშიც ჩამდნარი ყველი და კარაქი ერთდროულად ნოყიერი და ჰაეროვანია. 



მწვადი

მწვადი, ტრადიციულად მზადდება ბატკნის ან ღორის ხორცის რბილი ნაწილისგან. მისი შეწვა ხდება ვაზის წალამზე, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენს კერძს.


 
ჩაქაფული

ჩაქაფულის უცვლელი შემადგენლობაა განსაკუთრებით მრავალი სახეობის მწვანილთან და ადგილობრივ ბოსტნეულთან ერთად მოხარშული ხორცი, რომლის მთავარი სანელებლები ტყემალი და ტარხუნაა.



ფხალი

ფხალი ბოსტნეულის ან მინდვრის მწვანილისგან დამზადებული კერძია, რომელიც მათი მოთუშვა-მოხარშვითა და შესაბამისი სანელებლებითა და მწვანილებით შეკაზმვით მზადდება. ხშირად გამოიყენება შემდეგი საკმაზი: გატარებული ნიგოზი, ნედლი ქინძი, ნიორი, წიწაკა და მარილი, ცოტა კვაწარახი, რომელიც კერძს განსაკუთრებულ არომატს აძლევს.
 
        


მჭადი

მჭადი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ ძირითადი ცომეულია. ის განსაკუთრებით გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.  მოზილეთ მჭადის ფქვილი მინერალურ წყალში, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და ზეთი, გააკეთეთ პატარა გუნდები, მიეცით ფორმა და გამოაცხეთ.



იმერული ხაჭაპური

ხაჭაპური წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარით, წყლითა და ცოტაოდენი რძით იზილება. ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ მრგვალი ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს.



გოზინაყი

გოზინაყი საქართველოში ყველაზე გავრცელებული ტკბილეულია, რომელსაც ტრადიციულად მხოლოდ საახალწლოდ ამზადებენ. გოზინაყი მზადდება მოდუღებული თაფლისა და მაღალი ხარისხის, ღია ფერის ნიგვზისაგან.


ჩურჩხელა

საქართველოში ჩურჩხელებს კახური, ქართლური, იმერული, გურული და რაჭალეჩხუმური წესებით ამზადებენ. ქართული ნუგბარი ჩურჩხელა ძირითადად ნიგვზის თხილისა და ჩამიჩისგან მზადდება. აღმოსავლეთ საქართველოში თათარას ხორბლის ფქვილთან აზავებენ და მასში თოკზე აცმულ ნიგოზს ავლებენ. დასავლეთ საქართველოში სიმინდის ფქვილსა და თხილს იყენებენ, ხოლო თათარას ფელამუშს უწოდებენ.



ტყლაპი 

საქართველოში უძველესი დროიდან მზადდება გემოთი გამორჩეული ტყლაპი. ტყლაპის მოსამზადებლად გამოყენებულია თითქმის ყველა ხილი: ტყემალი, ღოღნოშო, ჭანჭური, ქლიავი, ალუჩა, ვაშლი, მსხალი, ატამი, კივი, ლეღვი , თუთა, ალუბალი, მაყვალი. გახეხილ ხილს წყალთან ერთად ადუღებენ. მასა კარგად რომ შესქელდება და ფაფის კონსისტენციას მიიღებს, ფენენ, ხოლო ნაწილობრივ შეშრობის შემდეგ თოკზე გადაკიდებენ.